თეგი: კახა იმნაძე

კახა იმნაძე: რასაც უკრაინაში ვხედავთ, აგრესიის აქტია რუსეთის მხრიდან

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სპეციალურ სხდომაზე, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს, დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე ასამბლეის წევრებს მოუწოდა უკრაინის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.   „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საგანგებო სესიაზე, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, რომ ხმა მივცეთ და ნათელი გავხადოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოქმედებს სწორედ ისე, რა მიზნისთვისაც ის შეიქმნა. გაეროს ერთი წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება მეორე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიის აქტს, რომელიც განსაზღვრულია 3314 რეზოლუციით და რომელიც კონსენსუსითაა მიღებული. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის აგრესიის აქტი რუსეთის მხრიდან და ამას ვგმობთ. გასულ კვირაში სწორედ ამ ტრიბუნიდან ვისაუბრე რუსეთის მუდმივ ქცევებზე მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასათვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ იქნა შესაძლებელი, რომ თავიდან აგვერიდებინა ანალოგიური სცენარი, რომელიც რამდენიმე წლის თავზე უკრაინაში განმეორდა. ისევ რომ არ გავიმეორო საკუთარი სიტყვები, გეტყვით, რომ ჩვენ, საქართველოში, ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს შემზარავი ომი. ვიცით, როგორია მისი გამანადგურებელი შედეგები და ესენი არიან ადამიანები, უდანაშაულო მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც იხდიან უმაღლეს ფასს. ეს გამანადგურებელია არა მხოლოდ მათთვის, ვის თავსაც ეს იმ მომენტში ხდება, არამედ ის გადაეცემა თაობიდან თაობას", - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა

კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა. ამის შესახებ იმნაძე Twitter-ზე თავად წერს. „ვტოვებ ნიუ-იორკს სიამაყით, საქართველოსა და გაეროს საქმეში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს შემცვლელს, დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველი ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, სადაც გავარძელებ ჩემი ძვირფასი ძველი მეგობრის, კონსტანტინე ქავთარაძის მიერ დაწყებულ მუშაობას საქართველოში-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობის წარმატებისთვის“, - წერს იმნაძე. ცნობისთვის, 2013 წლის ივლისიდან კახა იმნაძე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა.